ივერიის გაბრწყინება

ივერიის გაბრწყინება

ხის დასარგავად საუკეთესო დრო ოცი წლის წინ იყო, შემდეგი საუკეთესო დრო დღეს არის.

ჩინური ანდაზა

რატომ არ არის საქართველო სახელმწიფო, ან უფრო სწორად ადგილი, სადაც შეიძლება კარგად ცხოვრება?

იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სხვადასხვაგვარად ესმით კარგად ცხოვრება. ერთისთვის კარგად ცხოვრება სამუშაოსა და ხელფასს უკავშირდება, მეორესთვის ეს ქეიფი და დროსტარებაა, მესამესთვის კაიფი და დასვენება, მეოთხესთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეხუთესთვის სამართლიანობის აღდგენა, მეექვსესთვის მართლმადიდებლობა, მეშვიდესთვის მიშას დაბრუნება და ასე შემდეგ. ყველა თავისი ცხოვრების სხვაზე თავსმოხვევას ცდილობს…

სახლში კი, სადაც ოჯახის წევრები ვერ თანხმდებიან, მუდამ არეულობა და ხმაურია.

საქართველოში ადამიანები სტერეოტიპებითა და ისტორიული ლეგენდებით არიან განმსჭვალულნი. მათ არ უნდათ იმ თანამედროვე რეალობისთვის თვალისგასწორება, რომელიც მტკივნეულია და რომელიც ქმედებას, პასუხისმგებლობას და საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვას მოითხოვს. მათ სურთ, რომ სხვამ გაააკეთოს მათი გასაკეთებელი.

რატომ არ ბრწყინდება ივერია?

იმიტომ არ ბრწყინდება, რომ გამბრწყინვალებელი არ ჰყავს. თავისით კი არაფერი ბრწყინავს ალმასის გარდა, რომელსაც თავისი საუკუნოვანი, სევდიანი წარსული აქვს. თუმცა, ალმასსაც სინათლე სჭირდება, რომ გაბრწყინდეს. გამოდის, რომ ივერიის გაბწყინებას ძალიხმევა, ენერგიის ზემოქმედება სჭირდება, თუნდაც ვიბრაციული.

ივერიას ორი ათასი წელია აბრწყინებენ სხვისი ხელით: ხან ბერძნების მეშვეობით, ხან რომაელების, ხან სპარსელების,  ხან ყივჩაღების, ხან ოსმალებისა და ხანაც რუსების ხელით. დრო და დრო ივერია ბრწყინავდა, მაგრამ გაბრწყინებას მუდმივი მოქმედება – გაბრწყინვალება – სჭირდება და რადგანაც ასეთის მკეთებლები ზოგჯერ არ ჩნდებოდნენ, ივერიაც აღარ ბრწინავდა. ახლაც არ ბრწყინავს.

გამოვაცხადოთ ტენდერი  ივერიის გაბრწინვალებაზე?

უკვე გამოცხადდა 1990-იან წლებში. ტენდერში მონაწილეობისთვის მოიწვიეს ევროპა და ამერიკა. მათ დაიწყეს გაბრწყინება, მაგრამ თანამონაწილეობა მოსთხოვეს ადგილობრივებს. უარი როცა მიიღეს, შეწყვიტეს გაბრწყინება. რუსებმა თავისებურად გაიგეს გაბრწყინება და  შეუდგნენ საქმეს – სხვადასხვა ნაწილებს აბრწყინებენ, უცნაურად და დაუკითხავად.

იმავე 1990-იანი წლებიდან კლერუსი აბრწყინებს ივერიას შეძახილითა და თავისთვის. თავისთვის უკვე გაიბრწყინეს.

ბოლოს სააკაშვილი და ივანიშვილი ეცილებოდნენ ერთმანეთს ტენდერში გამარჯვებას. პროექტებიც ჰქონდათ. მაგრამ ივერია ვერ გააბრწყინეს.

ნუთუ არასდროს გაბრწყინდება ივერია?

არც სჭირდება გაბრწყინება, რადგან ივერიას მზისა და მთვარის ბრწყინვალებაც გაანათებს. ოღონდა ამ მნათობების ბრწყინვალება არ უნდა დაიბუროს, რადგან მათ შუქზე ადამიანებმა  ერთად უნდა იმოქმედონ, იშრომონ და ისე იცხოვრონ, რომ ერთმანეთის კმაყოფილები იყვნენ, სხვადასხვა შეხედულებებისა და იდეების მიუხედავად.

ადამაინებმა, რომლებმაც მთა დაძრეს ადგილიდან, საქმე კენჭების გადაადგილებით დაიწყეს.

ჩინური ანდაზა

Man Walking Towards Cross

Leave a comment