გაბრიელის დღიური

გაბრიელის დღიური

                                                          

                                                                             ფელეტონი

                                                                         გაბრიელის დღიური

დასწყევლა ღმერთმა,რას ჩამაცივდა ეს სიკვდილ-სიცოცხლის ფიქრი!

არ მინდა ყურადღება მივაქციო,რადგან ფიქრით არაფერი გამოვა.

მაინც თავს როდი მანებებს,იჩერჩეტებს და ისევ ჩემთან მოჩერჩეტდება.

დღეს ეს ფიქრი სრულიად სხვანაირად გადავწყვიტე,გულიც დამისვენდა და,წარმოიდგინეთ მუზაც მესტუმრა. მადლობა ღმერთს,ვინ გაბრიელი,ვინ მუზა?

საფიქრებლად გამიხდა ერთი რამ ამოცანაო :

კაცი და ბუნების წესი,სიცოცხლე ამისთანაო.

დღესა ხარ სიცოცხლით სავსე,მკვდარსა გნახავენ ხვალაო.

გვირგვინი შენი კაცობის არ გამოგყვება თანაო.

სახელი რჩება კაცისა,ავად ან კარგად  სათქმელი,

და ზოგისა ხომ გაქრება,ვით ქარიშხალში სანთელი!

მიკვირს სიმოკლე სიცოცხლის,მიკვირს ცხოვრების ტრიალი;

სიცოცხლეს მაინც ვერ სჯობნის სიკვდილი შემაზრიალი.

სიცოცხლე ცოცხლობს უკვდავად,სიკვდილის კბილის მჭერელი;

ერთი თუ კვდება,სხვა რჩება, თან ჰყვება წერა-მწერელი!

საცა საქმეა საგლოვო,იქ სხვაა შესამღერელი!

დღეს სწორედ ჩემის განკითხვის დღეა. სიჭაბუკიდან თუ-კი რამ ფიქრი მქონია, ისეთი ფიქრი,რომელიც ღირსია ქაღალდზედ დაწერისა,დღეს მოუცლია და ანგარიშსა მთხოვს.

ეს ფიქრები ერთმანეთში არეულან,ერთმანეთს ეკითხებიან და, მასთან ერთად,მეც,რასაკვირველია,უნდა ეს ფიქრები დავნიშნო,დავისწავლო.

რასა სტირის პირველი ფიქრი?

ჭაბუკობაში გიყვარდი,დღეს შაგეჯავრე რადაო?

მე რომ მღალატობ,სხვისთვისა რად  გაგიღვიძდა მადაო?

შენს გულში სახლ-კარი მრჩება,ეხლა წავიდე სადაო?!.

ბეჩავი აღარ გებრალვის,დიდკაცებს ჰყუდებ ზურგსაო,

გირჩევ და რჩევას არ მისმენ,მე აღარ მიგდებ ყურსაო…,

ისინი არ გიდარდებენ,რომ კითხულობენ პურსაო.

უფრო ყურს უგდებ და ჰკიცხავ ორ-პირობას და შურსაო.

შარშან მდიდრებსა ლანძღავდი,დღეს თითონ იძენ ფულსაო,

ჟანგ-მურის თავ-შესაფარად იხდი სულსა და გულსაო.

ამით მკლავ,ამით მამჭლევებ,წყლულზე მიმატებ წყლულსაო.

მეორე რაღასა სტირის?

პირველო ფიქრო,რას ამბობ,რა ჰქმნას მშიერმა კაცმაო?!

ფულიც კარგია,ღონეა,ჩემის გამჩენის მადლმაო.

ვინც მშიერია,იშრომოს,თვითონ იმტვრიოს თავია,

თითონა სძებნოს სახსარი,იცნოს კარგი და ავია,

იკვლიოს,გამოიძიოს თეთრი რაა და შავია.

თვითონ თუ არ ჰგრძნობს სიმშილსა,სხვისი ვისი რა ბრალია?!

სხვისთვის შველამ და შეწევნამ მრავალი ხალხი დალია;

დღესაც თან მისდევს საწყლებსა სისხლით მორწყული კვალია,

ვის თავი არ ებრალება,სხვისგან რა შესაბრალია?!

მესამე ფიქრი რაღასა სტირის?

მეორე ფიქრო,ჩერჩეტო,შეგრცხვეს რო ამბობ მაგასა;

მარტო თავისთვის ცხოვრება ძაღლსაც კი სცხვენის,კატასაც….

ფიქრს საკეთილოს რად ჰშხამავ,საქველოდ აღძრულ მადასა,

მარტოკა რად სჭამ უსირცხვოვ, ნაზუქებსა და ქადასა….

ცოტა მშიერსაც გადუგდე,მადლი ჰქმენ,იყავ შნოზედა;

ნუ დაარიგებ მწერალსა მარტო თვის შესარგიზედა,

თორემ დაჰკარგავს მწერლობას,ბედაურს გაცვლის ხბოზედა.

მეოთხე რაღასა სტირის?

რას ჩააცივდით სიმშილსა,მუცლის და კუჭის ჭყრიალსა?

ღორი მინახავს მაძღარი,ლაფში რომ შეიქმს ტრიალსა;

ხრუტუნებს,ოხრავს სიმსუქნით,აღარ ეტევა ტყავშია,

ისიც ვიკითხოთ,რა უყრავ ოხერს იმ ოხრულ თავშია.

უჭკო,უზნეო “მაძღარი” მე არ მიჯდება ჭკვაშია….

მითხარ,ეს ჩემი ფიქრები გასამტყუნარი რაშია?!

ვგონებ მე ვერ შემედარო ძმაო,სიმართლის თქმაშია!

მეხუთე ფიქრი რაღასა სტირის?

ერთიც ცალ-გვერდულად ამბობთ,მეორე უფრო კიდევა;

თქვენ თუ მოგყვებათ მწერალი,უთუოდ გადაირევა.

კუჭსაც თუ საზრდო არ აქვს,ჭკვას დააკლდება ძალაო;

კუჭი ჭკვას აძლევს ღონესა, კუჭს-ჭკვა,თუ მოიცალაო;

თუ არ ადარდებს ნამეტნავ,რა მიაწოდოს ხვალაო.

კუჭის და კუჭის სიმაძღრემ ცხოვრება გააძალაო.

მეექვსე ფიქრი რაღასა სტირის?

აღარაფერს. აქამდის ისიც სხვებს ბანს აძლევდა,ეხლა – კი მოულოდნელად ფერი იცვალა. ის გაშავებული,გამხმარი,სულთამხუთავსავით ღრეჭით,ისეთის ღრეჭით,კაცს ეგონება,დაცინვად გადაქცეულაო,დამდგომია თავზედ,სწორედ ალ-ქაჯად ქცეული, და სიცილ-ხარხარს მაყრის გუნდასავით თვალ-პირში.

სხვა ფიქრები რაღას აკეთებენ იმ დროს,როცა ეს ზემო აღნიშნულნი სხვა-და-სხვა მღელვარებასა და “ფიქრში” არიან?

სხვანი,როგორც ზღვის უფსკრულში ამის გვარი ცხოველები,აწყვიან ერთმანეთზე კოჭებივით, სხვა-და-სხვა გვარს ხმას გამოცემენ იქიდამ :

ზოგი კატასავით ჩხაპნის,  ზოგი ღორივით ხრუტუნებს,ზოგი ბაყაყივით ყიყინებს,ზოგი გველივით წივის….  

 ერთი სიტყვით  , გაურჩეველს,გაურკვეველს ხმაურობაში არიან. 

ნარ – ეკალა (ვაჟა – ფშაველა)

გაზეთი “ივერია”  8 მარტი,კვირა,1892 წელი

 

ვაჟას ფსევდონიმები იყო:

,,ლ.რ–ზ”; ,,ლ.რ–ზ–კ–ლი”; ,,ლ.რაზ–ვი”; ,,ლ.კათაკმეველი”; ,,მგელია ხინკალჭამიაშვილი”.

1886 წლიდან დაიმკვიდრა ,,ვაჟა–ფშაველა”,მაგრამ მერეც საჭიროებისდა მიხედვით გამოუყენებია ,,მწარია”; ,,ჟულიკა გოგოჭური”; ,,ფშაველა ვეფხვაიძე”; ,,ველაფშა”; ,,ვ–აფ–ლა’.

ზედმეტი სახელი ,,ვაჟა–ფშაველა” პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.”ვაჟა” ფშავ–ხევსურეთში ბიჭს,ვაჟკაცს ნიშნავს.დიმიტრი ხან ,,ვაჟას” ეძახდა,ხან ,,ფშაველას”.მერე შეაერთა და ,,ვაჟა–ფშაველა” დაუძახა.სახელი ,,ვაჟა” მანამდე არ არსებობდა.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა,ვაჟას გამოუყენებია შემდეგი ფსევდონიმები და კრიპტონიმები:გოგოჭური,ვ.ფ–ლა, ვ.ფ–ლი, ვაჟ–კაცი, ვაჟა, ველფაშა, იქაური, მამუკა, ნარ–ეკალა, პარასკევა, ჟავა, ფშაველი, შენი ერთგული მამუკა, შენი კეთილის მოსურნე ექვთიმე, შენი მარადის პატივისმცემელი მამუკა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: