ქართველები გამოდიან დიდმარხვიდან

ქართველები გამოდიან დიდმარხვიდან

სასმელსა და საკვებში ზომიერება გამოამჟღავნე,სხეულის წვრთვნის დროსაც ზომიერება გამოიჩინე, ზომიერება ის არის, რაც ტვირთად არ გაწვება.ცხოვრებაში ფუფუნებას მოერიდე და იყავი სუფთა.(პითაგორა, ქ.წ. VI საუკუნე)
ქართველები ისე გამოდიან დიდმარხვიდან, როგორც მოსესდროინდელი ისრაელი ეგვიპტიდან.

ისრაელი აღთქმული მიწისაკენ მიდიოდა, ქართველები კი სასურსათო ბაზრისაკენ.
ისრაელი დიდხანს იტანჯებოდა ეგვიპტის მონობაში, ისე როგორც ქართველები უხორცო დიეტით, რომელსაც საღმრთო მარხვას უწოდებენ.

ქრისტეშობის 2013 წლის 2 მაისს დაიძრა ქართველთა სამანქანო და საფეხმავლო ნაკადი მარხვისგან თავდასაღწევად, დაიძრა ხორცისკენ, მწვადისკენ, ხინკლისკენ,ღვინისკენ, ანუ განძღომისაკენ. ეს იყო გამოსვლა ტყვეობიდან, ტანჯვიდან და მათ ისე სწყუროდათ ჭამა–სმა, ვით დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა.

ისრაელი 40 წელი თავისუფლებისაკენ, შვებისაკენ – ღვთისმიერ დაპირებული თავისუფლებისა და საკუთარი ახალი სამშობლოსკენ მიდიოდა და ითმენდა ყოველგვარ გასაჭირს.

ქართველები 40 დღე ითმენდნენ თავისუფლების ართმევას  დრტვინვითა და საყოველთაო ტრანსპარანტულობით და ბოლოს მიიღეს ის ჯილდო, რომელსაც ისინი თავისუფლებას, უფრო სწორად თავისებურ თვითმყოფადობას უწოდებენ – განძღომა და განცხრომა.

აბრაამის შთამომავლებს ღვთისგან საკუთარი ქვეყანა უნდოდათ,სადაც თავისი შრომით მოიპოვებდნენ საარსებოს.

ქართველებისთვის კი საარსებოს მოპოვებაა უმნიშვნელოვანესი,ოღონდ სხვისი ძალისხმევით, თუნდაც ეშმაკისგან მიიღებენ პურ–მარილს, ოღონდ თვითონ არ გამოიღონ ხელი. განა არ ეკუთვნით? ისინი ხომ ითმენდნენ ძველ მთავრობას, რომელმაც ვერ ან არ განაძღო ისინი. ნუთუ ახალი მთავრობა არ არის ვალდებული, რომ ისინი დააპუროს ზეციური მანით? ჭეშმარიტად იმისთვის არსებობენ, რომ ჭამონ და არა იმისთვის ჭამენ, რომ იცხოვრონ.

აღთქმული მიწისკენ მიმავალ 40 წლიან გზაზე ისრაელი მტერს ებრძოდა, შიმშილობდა, მაგრამ მაინც მიდიოდა მიზნისკენ.

ქართველები მტერს კი არ ებრძვიან, არამედ მოუთმენლად ელიან მათგან გადმოგდებულ ვერცხლს, რათა განძღნენ და დაისვენონ. თუგინდ აგინონ და დაამცირონ,დახოცონ და მიწა წაართვან, ისინი მაინც მონური მზაკვრობით მოსთხოვენ მტერს პურ–მარილს.ამისთვის ყველაფერს იკადრებენ: მტერს უმღერებენ და უცეკვებენ, მუხლს მოუყრიან და ხოტბას შეასხამენ.

ამ ხალხისთვის არაფერია ჭამა–სმასა და განცხრომაზე დიდი ღირებულება. მათთვის სამშობლო საქეიფო სუფრაა, ცხოვრება – განცხრომა და განსვენება,შრომა – ჭიქის აწევა, პოლიტიკა – მამამარჩენალის არჩევა, ეკონომიკა – საკვები, ხელოვნება– სადღეგრძელო, რელიგია – ტრადიცია, რწმენა – შიში და თრთოლა.

ისინი არ ქმნიან, არამედ სხვის შექმნილს იყენებენ. დაე,მსოფლიომ აჭამოს და ასვას მათ, დედამიწის უკანასკნელ ჩვილებს. დაე, ისე უპატრონონ,როგორც რომაელები პატრონობდნენ თავის მონებს – ცივ ნიავს არ აკარებდნენ.

ყველა ხალხს თავისი ბედი აქვს და მისია. ასეთია ამ ხალხის ბედი დედამიწაზე: თავისუფლებაზე, თვითმყოფადობაზე და საკუთარ სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი მათთვის განცხრომაა. მუდამ ეძებენ ისეთ ადამიანს ან ქვეყანას, რომელსაც დაუთმობენ საკუთარ ღირსებას ჭამა–სმის სანაცვლოდ. ჩუმად და ხმამაღლა ითხოვენ წყალობას, ხოლო მას, ვინც საკუთარი ძალისხმევით ცხოვრობს მტრობენ და აგინებენ.

შურით და სიძულვილით უყურებენ იმ უცხოელებს, რომლებსაც მათ მადლიან მიწაზე ორი მოსავალი მოყავთ. როგორღა დააჯერონ მეზობლები, რომ უბედურ ქვეყანაში ცხოვრობენ? ანდა როდემდე გამოიღებენ მათთვის წყალობას მდიდარი შრომისმოყვარე მეზობლები?ან როდემდე უყურებს დამბადებელი მათს უდიერ დამოკიდებულებას იმ მიწისადმი, რომელიც მათ გადასცა მოსავლელად? გაიხსენეთ, რით დამთავრდა ბოროტი მევენახის იგავი ახალ აღთქმაში.

ისინი ბრმანი და ყრუნი არიან, თუმც სრულყოფილების გზა მათთვისაც მისაწვდომია, მაგრამ ყველამ როდი უწყის უბედურებისგან თავდახსნა.

(პითაგორა, ქ.წ. VI საუკუნე)

5 მაისი, 2013


Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: